მიხეილ სააკაშვილი დაბეჯითებით ამბობს, რომ ქართული პოლიტიკიდან და პარტიიდან წავიდა - აცხადებს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ტელეარხ "პირველთან" საუბრისას.
ხაჭაპურიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შეუძლიათ შევიდნენ სააკაშვილთან და პირადად ჰკითხონ მისი ამ პოზიციის შესახებ.
"მიხეილ სააკაშვილი დაბეჯითებით ამბობს, რომ ქართული პოლიტიკიდან წავიდა, წავიდა ასევე მისი პარტიიდან და ქართულ პოლიტიკასთან არ უნდა რომ ჰქონდეს რაიმე საქმე.
როგორც თვითონ ამბობს, არის რამდენიმე ფაქტორი, ამ ფაქტორებს ახლა დეტალურად არ ასახელებს, თუმცა მე როგორც ვიცი, აპირებს საჯარო განცხადების გაკეთებას. შეუძლია ნაციონალურ მოძრაობას, 29 დეპუტატია, შევიდნენ ცალ-ცალკე და დაელაპარაკონ, ან შექმნან დელეგაცია, ჯგუფი, შევიდნენ და შეეკითხონ სააკაშვილს მისი პოზიცია და დააზუსტონ. ამას ვერ დამალავ, ტყუილი რატომ უნდა ვთქვათ, რაღაც დიდ აქტივობებს ვერ ვხედავ, როგორც მისი ადვოკატი, დიდი აქტივობები ხდებოდეს მის გასათავისუფლებლად, განცხადებებიც კი არ კეთდება", - ამბობს ხაჭაპურიძე.
შეგახსენებთ, 30 ივლისს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირს წყვეტს. ამის საპირისპიროდ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან დისტანცირების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
მოგვიანებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თქვა, რომ "განცხადებები სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე, დაცვის მხარის სტრატეგიაა."