უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრი სიბიჰას განცხადებით, აშშ-სთან თანამშრომლობა გრძელდება და კიევი შესაბამისი პროგრამების ფარგლებში სამხედრო აღჭურვილობას იღებს.
„ჩვენ შეერთებული შტატებისგან სადაზვერვო ინფორმაციას ვიღებთ. ასევე ვიღებთ შესაბამის სამხედრო აღჭურვილობას, რომელიც შესაბამისი პროგრამების ფარგლებში ჩვენამდე აღწევს. ეს თანამშრომლობა გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა სიბიჰამ პარიზში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.
მინისტრმა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა, აღნიშნა, რომ დაინახა შეერთებული შტატების მზაობა, აქტიურად გააგრძელოს მოქმედება რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად.
„ჩვენ ვაფასებთ ამერიკულ მხარესთან ამ თანამშრომლობას“, - დასძინა მან.
მანამდე სიბიჰამ განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში მარკო რუბიოსთან მოლაპარაკებები გამართა და კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინასა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცე.
მოლაპარაკებების მთავარი თემები იყო აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევა, ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და საერთაშორისო მოვლენები. მხარეებმა ასევე განიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული მდგომარეობა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ნაოსნობის თავისუფლების აღდგენის აუცილებლობა.