უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიაში ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის ხელმძღვანელობას, ჩრდილოეთის ხუთი სახელმწიფოს ლიდერებსა და თავდაცვის სფეროს კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. ზელენსკიმ ასევე დააანონსა დანიისგან თავდაცვის დახმარების ახალი პაკეტი.
ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.
ზელენსკის ინფორმაციით, დაგეგმილია მისი შეხვედრები დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან, დანიის პარლამენტის წევრებსა და წამყვან თავდაცვის კომპანიებთან.
ასევე დაგეგმილია აუდიენცია დანიის მეფე ფრედერიკ X-თან და ცალკე შეხვედრა დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ისლანდიისა და ფინეთის პრემიერ-მინისტრებთან.
„მთავარი საკითხი ჩვენი უსაფრთხოება და თავდაცვის გაძლიერებაა. უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ახალი ნაბიჯები გადაიდგმება - დანია თავდაცვის დახმარების მძლავრ პაკეტს მოგვაწვდის. მადლობა ამ მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ დანია უკრაინის გვერდით სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან დგას და „კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე საიმედო პარტნიორად და სხვადასხვა ფორმატის ლიდერად, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის დაცვას ემსახურება“.
„მადლობას ვუხდით დანიის ხალხსა და მთავრობას ურყევი მხარდაჭერისა და კონკრეტული გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც მტკიცედ დგომაში გვეხმარება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.