ბულგარეთში, ტრაკიის ავტომაგისტრალზე მომხდარ ორ მასშტაბურ ჯაჭვურ ავარიას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, 46 კი დაშავდა.
მედიის ცნობით, შემთხვევები 10 ნოემბრის დილას, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, იამბოლის ოლქში, ზიმნიცის მიმდებარედ მოხდა. ერთმანეთს დაახლოებით 50 მსუბუქი და მძიმე ავტომობილი შეეჯახა. ავარიების შედეგად ავტომაგისტრალი ორივე მიმართულებით ჩაიკეტა.
ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის, კატია ივკოვას განცხადებით, ათი ადამიანი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ორი კი საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. დაშავებულები იამბოლის, სლივენისა და ბურგასის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ბულგარეთის ეროვნული რადიოს (BNR) ცნობით, თვითმხილველებისა და ავარიის მონაწილეების განცხადებით, შემთხვევის დროს ნისლი იმდენად ხშირი იყო, რომ ხილვადობა დაახლოებით ერთ მეტრამდე შემცირდა. მათი თქმით, გზის სავალი ნაწილიც მოყინული იყო.
ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების წინასწარი შეფასებით, ავარიების სავარაუდო მიზეზებია ხშირი ნისლი, სველი გზის საფარი და სიჩქარის შეუსაბამობა საგზაო პირობებთან.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. სამაშველო ოპერაციაში სამხედროებიც მონაწილეობენ. დაშავებულთა ნაწილის გადასაყვანად სამხედრო თვითმფრინავებიც გამოიყენეს.