უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა პარიზში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, შეხვედრის შესახებ განცხადება სიბიჰამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაავრცელა.
მისი თქმით, რუბიოსთან მოლაპარაკებების მთავარი თემები აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევა, ფრონტზე არსებული ვითარება და საერთაშორისო მოვლენები იყო.
„დიპლომატიისა და დეესკალაციისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა სიბიჰამ.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს ჩართულობისთვის, განსაკუთრებით კი აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს, ოლეშკიში წარმატებული ჰუმანიტარული ოპერაციის შედეგად გადარჩენილი ადამიანების სიცოცხლისთვის.
მხარეებმა ასევე განიხილეს შავ ზღვაში არსებული ვითარება და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, თავისუფალი ნაოსნობის აღდგენის აუცილებლობა.
„უკრაინა მზად არის, განავითაროს აშშ-სთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში, მათ შორის დრონების ერთობლივი წარმოებისა და პერსპექტიული ეკონომიკური პროექტების მიმართულებით“, – აღნიშნა სიბიჰამ.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, საჰაერო თავდაცვასა და ზამთრის მოახლოების წინ ქვეყნის მდგრადობის უზრუნველყოფაზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარკო რუბიო კვლავ მიიწვია უკრაინაში.
შეხვედრის შესახებ წერს მარკო რუბიოც.
რუბიოს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები, ენერგეტიკული მდგრადობა და თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიhასთან. განვიხილეთ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები, ენერგეტიკული მდგრადობა და თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში“, - წერს რუბიო სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, შეერთებული შტატები მტკიცედ არის ორიენტირებული მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაზე.