ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მოგვდის ინფორმაცია, რომ გაიცემა მითითებები, რათა არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ჩეხეთში განუცხადა.
მისი თქმით, საბედნიეროდ, ევროკავშირში ჯერ კიდევ ბევრი ნამდვილი ევროპელია, რომლებიც ბრიუსელის ამგვარ საბჭოთა მიდგომას არ იზიარებენ.
„ჩეხეთის რესპუბლიკაში შეხვედრები გავმართეთ პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და მთავრობის წევრებთან, მათ შორის პირველ ვიცე-პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან. პირველ ყოვლისა, ყველა შეხვედრაზე საუბარი ორმხრივ ურთიერთობებს შეეხებოდა, რადგან ვხედავთ, რომ ბრიუსელი ცდილობს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები დაბლოკოს. სხვადასხვა წყაროდან მოგვდის ინფორმაცია, რომ ბრიუსელიდან დედაქალაქებში პირდაპირი მითითებები გაიცემა, რათა საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან შეხვედრები არ გაიმართოს. საბედნიეროდ, ევროკავშირში ჯერ კიდევ ბევრი ნამდვილი ევროპელია, რომლებიც ბრიუსელის ამგვარ საბჭოთა მიდგომას არ იზიარებენ. ამიტომ, დღეს ჩვენთვის მთავარი და ფასეულია, რომ ბრიუსელის ამ ანტიქართულ პოლიტიკას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არ გადაჰყვეს.
სამწუხაროა, რომ ბრიუსელი საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს იმის გამო, რომ 2024 წელს მათ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარე დაიჭირეს და ხელისუფლებაში მისი დაბრუნება სურდათ, თუმცა მათ მიერვე რეფერენდუმად გამოცხადებულ არჩევნებში დამარცხდნენ. რასაც ორი წელია ვუყურებთ, ეს არის შურისძიება ქართველი ხალხისა და საქართველოს წინააღმდეგ იმისთვის, რომ არადემოკრატიული მეთოდებითა და საარჩევნო პროცესის გვერდის ავლით კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში მოიყვანონ. ამიტომ, დღეს ჩვენი ამოცანაა, ბრიუსელის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ამ მავნე პოლიტიკის ფონზე, არ დავკარგოთ ორმხრივი ურთიერთობები და, პირიქით, ჩვენს პარტნიორებთან ისინი კიდევ უფრო გავაღრმაოთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.