სააკაშვილის დაცვის მხარეს აქვს თავისი სტრატეგია, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ნიკა მელიამ უპასუხა შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების ბოლოდროინდელ განცხადებებზე, რომლის თანახმადაც, სააკაშვილს აღარ აინტერესებს ქართული პოლიტიკა და ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეიძლება, დისტანცირდეს.
„პირველ რიგში, ეს ასე არ არის. დაცვის მხარეს აქვს თავისი სტრატეგია – ადვოკატები არიან, ხალხო. მაშინ, მთელი ის პროცესი, რაზეც ჩვენ ვკონტაქტობდით თვეების განმავლობაში, ვატყუებდით ერთმანეთს, მე მიშას ან მიშა მე? დაცვის სტრატეგიაა.
დიახაც, ვიცი რა, ვიდრე ეს რეჟიმი არ დამარცხდება, ჩვენ პატიმრებს ვერ ვიხსნით, სამწუხაროდ, უბრალოდ, ვერ ვიხსნით. პოლიტიკური ხმა რას მეუბნება, გეტყვით – მე არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდსულოვნებას გამოიჩენს, მისი დიდსულოვნების იმედი არ მაქვს, ადამიანის, რომელიც იმას არ თაკილობს, რომ პირდაპირ დაადანაშაულოს ვაშინგტონი, ბრიუსელი, სტრასბურგი, რაც თუნდაც ერთი წლის წინ ენით აღუწერელი იქნებოდა. პირდაპირ კონფრონტაციაშია და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა დიდწილად გვეიმედებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით; არიან ჩართული, მაგრამ ვხედავთ, ამავე დროს, როგორ ექცევა მათ ბიძინა ივანიშვილი.
მაინც ვიტოვებ იმედს, რომ მისი გადაყვანა მოხდება, მაგრამ ამის იმედად მე არ მინდა ყოფნა, როგორც პოლიტიკოსს, როგორც მებრძოლს, არ უნდათ არც ჩემს მეგობრებს.
ადვოკატებს აქვთ თავიანთი საქმე და ისინი ამას უკეთ აკეთებენ, რადგან არიან იქ პროფესიონალები, მაგრამ რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“, სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, განუყოფელი ნაწილია.
ოღონდ არიან ადამიანები სოციალურ ქსელში, რომელიც არის სულ სხვა სამყარო, ვიდრე რეალობა – გეტყვით, რას არ ვეთანხმები, არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუნდაც მე, თუნდაც სხვები მიხეილ სააკაშვილის გარეშე ვართ ნულები.
ეს არის დიდი ტყუილი, რომელსაც პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი არ დაეთანხმება. „ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილია მიხეილ სააკაშვილი და არა ის, რომ ნულები ვართ, ხალხო. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერც ერთ წევრს ვერ ვხედავ, რომელიც ნულია, პირიქით, სხვადასხვანაირები ვართ და ჩვენი სიძლიერეც ამაშია“, – განუცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველს“.