რუსეთი იმაზე ნაკლებად ძლიერი სახელმწიფოა, ვიდრე თებერვლის დასაწყისში იყო - ამის შესახებ განაცხადა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა ადმირალმა ტონი რადაკინმა.
რადაკინის თქმით, რუსეთი განიცდის წარუმატებლობას ყველა თავის ამბიციაში, რომელიც მას უკრაინაში ომის გაჩაღებამდე ჰქონდა.
"რუსეთმა ეს შეჭრა დაიწყო ამბიციებით, რომ დაეპყრო მთელი უკრაინა, რუსეთს ჰქონდა ამბიციები დაეპყრო დიდი ქალაქები ერთ თვეში, რუსეთს ჰქონდა ამბიციები, დაეთესა განხეთქილება და ზეწოლა მოეხდინა ნატო-ზე - ასეთი რუსეთი წარმოადგენს გამოწვევას მსოფლიო წესრიგისთვის, რუსეთი განიცდის წარუმატებლობას ამ ყველა ამბიციაში, რუსეთი იმაზე ნაკლებად ძლიერი სახელმწიფოა, ვიდრე თებერვლის დასაწყისში იყო", - განაცხადა მან.
მისივე განცხადებით, რუსეთმა სახმელეთო ძალების შეტევითი პოტენციალის 30%-ზე მეტი დაკარგა, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აბსოლუტურ დამაჯერებლობას აძლევს, რომ ომში გამარჯვებას მოიპოვებენ.
"მათ [უკრაინელებს] აბსოლუტურად მკაფიოდ ესმით, რომ უნდა დაიბრუნონ მთელი თავიანთი ტერიტორია უკრაინის პირობებით, და ისინი ხედავენ, რომ რუსეთი განიცდის პრობლემებს - რუსეთი, რომელმაც ჩვენი შეფასებით, დაკარგა თავისი სახმელეთო უსაფრთხოების 30 პროცენტზე მეტი", - თქვა რადაკინმა.
ადმირალმა დააზუსტა, რომ ეს ნიშნავს "დაღუპულ ან დაჭრილ 50 ათასს რუს ჯარისკაცს, 1 700-მდე რუსულ ტანკს და რუსეთის კუთვნილ თითქმის 4 ათასს საბრძოლო ჯავშანმანქანას".
დასავლეთის დაზვერვის შეფასებით, დანაკარგი, რომელსაც რუსეთი ყოველი შეტევის დროს განიცდის, კოლოსალურია. არსებობს სერიოზული პრობლემები რუსული იარაღის მარაგებთან და საბრძოლო სულისკვეთებასთან დაკავშირებით. დასავლელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთი დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე 2022 წელს ვერ გავა.