ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 20 წევრი შეშფოთებას გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ერთობლივ დეკლარაციაში, რომელსაც ასამბლეის 20 წევრი აწერს ხელს, გამოთქმულია მოწოდება საქართველოს მთავრობისადმი, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი თანამედროვე კლინიკაში, რათა შეძლოს სტრესისგან თავისუფალ გარემოში მკურნალობა.
ამასთან, დეკლარაციის ხელმომწერები, შეშფოთებას გამოთქვამენ ქართული დემოკრატიის სტაბილურობასთან დაკავშირებით.
"შეშფოთებულები ვართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო, რომელიც 2021 წლიდან საქართველოს ციხეში იმყოფება. რამდენიმე დამოუკიდებელმა ექიმმა სააკაშვილის ციხეში გასინჯვის შემდეგ დაადასტურა მთელი რიგი დაავადებებისა და მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობის არსებობა. ასევე შეშფოთებული ვართ, რომ არ შესრულდა საქართველოს დამცველებისა და უკრაინის სახალხო დამცველის რეკომენდაციები.
მას სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა და სტრესის ფაქტორებისგან თავისუფალი მკურნალობა. ამის შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს დემენცია, მრავალი ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი. ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Amnesty International ასევე იზიარებს შეშფოთებებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა დასტაბილურდეს. გარდა ამისა, აზრს მოკლებული არაა სააკაშვილის ევროპულ სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა, რომელსაც უკვე აქვს მსგავსი შემთხვევების მართვის გამოცდილება. ეს არის უპირველეს ყოვლისა ჰუმანიტარული საზრუნავი.
ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ქართული დემოკრატიის სტაბილურობასთან დაკავშირებით და ვშიშობთ, რომ საზოგადოებაში ისედაც ღრმა განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდება.
საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება პოლიტიკური შერიგების პროცესი. სააკაშვილის მძიმედ დაავადებამ ან თავისუფლების აღკვეთის შედეგად გარდაცვალებამ, ამ პროცესს შესაძლოა საფრთხე შეუქმნას", - წერია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც 27 ივნისითაა დათარიღებული.