ბატონი იან კელი ღიად ემხრობოდა და დღესაც მხარს უჭერს იმ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას (2003-2012 წწ.), მოსამართლეს გენერალური პროკურორის დანამატად მიიჩნევდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ პატიმრებს, ასეულობით არასრულწლოვან ბავშვს, მათ შორის გოგონებს, მრავალი წლით უშვებდნენ ციხეში, ატერორებდნენ ბიზნესს და, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის ნაცვლად, ქმნიდნენ აღმშენებლობის „ფეიკს“, საკუთარ თავზე ირგებდნენ კონსტიტუციას და ამკვიდრებდნენ ე.წ. „კეთილი ბიძიების“ ინსტიტუტს, რაც ციხისგან თავისუფლების სანაცვლოდ, სახელმწიფოსათვის საკუთარი უძრავ-მოძრავი ქონების „ჩუქებას“ ნიშნავდა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი წერს.
როგორც თეა წულუკიანი აღნიშნავს, რომ ბატონ იან კელის არაფერი ეცხო იმ ამერიკელებისა, საქართველოს დიდი და გულმხურვალე გულშემატკივრები რომ იყვნენ და დღესაც არიან. ქვეყნის გულშემატკივარი რომ იყო, მისი ხალხის ტკივილის გაგება უნდა გსურდეს და ამისთვის, ოდნავი სიყვარული მაინცაა საჭირო.
„ორიოდე სიტყვა იმის შესახებ, თუ როგორ „უყვარს“ იან კელის ჩვენი ქვეყანა
პოლიტიკური ოპოზიციის მიერ მართულ ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე, ბატონ იან კელის განუცხადებია, თეა წულუკიანის მხრიდან, ცრუ ბრალდებაა, თითქოსდა მე საქართველო არ მიყვარსო.
სასიამოვნოდ ხვდება გულს ამგვარი თავის მართლება. მინდა, მჯეროდეს კიდეც, რომ მას უყვარს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი.
როგორც ბატონი იან კელი ინტერვიუში აღნიშნავს, საქართველოში მისი ელჩობისას, ჩვენ მართლაც გვქონდა მჭიდრო ურთიერთობა. თუმცა, ამ ურთიერთობას ვერც მეგობრულს დავარქმევ და ვერც სასიამოვნოს. ეს გახლდათ აზრთა გარკვეული მიმოცვლა ამა თუ იმ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმის გარშემო, იმხანად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ჩემი ხელმძღვანელობით რომ ატარებდა.
პირველად სწორედ იმჟამინდელი ურთიერთობისას გამიჩნდა აზრი, რომ ბატონ იან კელის არაფერი ეცხო იმ ამერიკელებისა, საქართველოს დიდი და გულმხურვალე გულშემატკივრები რომ იყვნენ და დღესაც არიან. ქვეყნის გულშემატკივარი რომ იყო, მისი ხალხის ტკივილის გაგება უნდა გსურდეს და ამისთვის, ოდნავი სიყვარული მაინცაა საჭირო. საქართველოში მოვლენილი ეს აწ უკვე ყოფილი დიპლომატი კი ყოველთვის და განუხრელად უჭერდა მხარს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთა ქმედებანი ხალხის ნების წინააღმდეგ იყო მიმართული. ბატონი იან კელი ღიად ემხრობოდა და დღესაც მხარს უჭერს იმ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას (2003-2012 წწ.), მოსამართლეს გენერალური პროკურორის დანამატად მიიჩნევდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ პატიმრებს, ასეულობით არასრულწლოვან ბავშვს, მათ შორის გოგონებს, მრავალი წლით უშვებდნენ ციხეში, ატერორებდნენ ბიზნესს და, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის ნაცვლად, ქმნიდნენ აღმშენებლობის „ფეიკს“, საკუთარ თავზე ირგებდნენ კონსტიტუციას და ამკვიდრებდნენ ე.წ. „კეთილი ბიძიების“ ინსტიტუტს, რაც ციხისგან თავისუფლების სანაცვლოდ, სახელმწიფოსათვის საკუთარი უძრავ-მოძრავი ქონების „ჩუქებას“ ნიშნავდა.
ბატონი იან კელი, როგორც ელჩი, ასეთი პოლიტიკურ ძალების (ნაციონალური მოძრაობა და მისი დაშლის შემდეგ წარმოქმნილი დაჯგუფებები) დამცველად გვევლინებოდა. ამით, ის აქტიურად იყო ჩართული ქართულ პოლიტიკაში და გავლენას ახდენდა ქართველი ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე.
როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობისა და მის წიაღში წარმოქმნილი პოლიტიკური დაჯგუფებების სიყვარული საქართველოდან თან გაჰყვა ბატონ იან კელის და მისი ცხოვრების მეგზურად იქცა. ყოფილი ელჩი ხშირად თავს გვახსენებს და კვლავაც განაგრძობს „პოლიტიკურად თავისიანების“ მხარდაჭერას. თავი კიდეც რომ დავანებოთ იმას, რომ ელჩს მიუკერძოებლობის დაცვა ევალება და შიდა საქმეებში მისი ჩარევა ქვეყნის სიყვარულად ვერ მოინათლება, ბატონ იან კელის არასოდეს უცდია, დაემახსოვრებინა, რომ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ის დღემდე ჰყვარობს და თავგამოდებით იცავს, ჩვენი ქვეყნის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველთმოძულეებს უწოდებს.
მაშასადამე, თუ დავიჯერებთ, რასაც ბატონი იან კელი თავის ინტერვიუში ამბობს, გამოდის, რომ მას უყვარს საქართველო და, იმავდროულად, მხარს უჭერს იმ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც თვითონ არ გამოირჩეოდა საკუთარი ქვეყნის სიყვარულით, მეტიც: ხელისუფლებაში ყოფნისას, ულმობლად „ჩარეცხავდა“ ხოლმე ყველაფერს, რასაც ისტორიული, ტრადიციული და ქართული ერქვა.
საზოგადოებას კარგად ახსოვს ელჩი იან კელის კრიტიკაც, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, საქართველოს პარლამენტის თაოსნობით, სააკაშვილის მიერ დამახინჯებული და საკუთარ თავზე მორგებული კონსტიტუცია ევროპული სტანდარტის დოკუმენტით ჩაანაცვლა. იმის ნაცვლად, რომ კონსტიტუციის ძირეული ცვლილების ურთულესი პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესის წარმატებით დასრულება საქართველოს მოსიყვარულე ბატონ იან კელის გახარებოდა (ან არ გახარებოდა, მაგრამ დუმილი აერჩია), მან საჯაროდ დაიწყო როგორც რეფორმის პროცესის, ისე მისი შედეგის დაკნინება, რითაც, როგორც მახსენდება, ჩვენსავე პოლიტიკურ გუნდში შფოთი და გაუგებრობა დათესა.
ახლაც, თავის ინტერვიუში, ბატონი იან კელი ითხოვს, რომ დასაჯონ საქართველო (რომელიც უყვარს), ვინაიდან მისმა მთავრობამ საკუთარი ქცევის წესად არ აქცია ოპოზიციასთან გაფორმებული პოლიტიკური შეთანხმების ტექსტი. მე კი მგონია, რომ ბატონი იანი იმიტომაც სცემს უფრო მეტ პატივს „პოლიტიკურ ქაღალდს“, ვიდრე საქართველოს კონსტიტუციას, რომ მას ეს „ქაღალდი“ კვლავ იმ ძალების გასაცოცხლებლად და მხარდასაჭერად სჭირდება, ქართველმა ხალხმა ხელისუფლებიდან საკუთარი ნებითა და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით რომ მოიცილა.
თავის ინტერვიუში, ბატონი იან კელი ტაშს უკრავს მისი პოლიტიკური მეგობრის ნიკა გვარამიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამომტანი მოსამართლის დისკრიმინაციას და აცხადებს, ჩემი ქვეყნის გადასახადის გადამხდელს არ ესიამოვნება ასეთი მოსამართლის ტრენინგის დაფინანსებაო. ქართველებს ხომ, რას ბრძანებთ, სიამოვნების ჟრუანტელი მოგვგვარა ჩვენი ქვეყნის მოსამართლის დაკნინების თქვენეულმა მცდელობამ, ბატონო იან!...
მაგრამ მე არ მიკვირს. არ მიკვირს, რადგანაც 2013-2018 წლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს ძირეული რეფორმის სამი ფუნდამენტური ტალღისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ინიციატორი გახლდათ და ბატონმა იანმა ისე ჩაამთავრა ელჩობა, რომ მის კმაყოფილებასა და სიხარულს ვერ ვეღირსე. არადა, ეს რეფორმები ხომ იმ ქვეყანას დარჩა სასიკეთოდ, ასე რომ ჰყვარებია, თურმე.
ქართველებს გვიყვარს უცხოელებისთვის ანგარიშის გაწევა და ამით თავსაც ვიწონებთ, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. შეიძლება, ყური დაუგდო წარმატებულ ადამიანს, ნამდვილ პროფესიონალს. ბატონმა იან კელიმ კი, ელჩობისას, ისეთი არაპროფესიონალიზმი აჩვენა, რომ საქართველოდან წასვლის შემდეგ, დიპლომატის კარიერა ვეღარ გააგრძელა და ხელმოცარულად დარჩა. ინტერვიუში, თავადვე ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატი თავისი ქვეყნის მთავრობის კრიტიკით იყო დაკავებული. ყოველივე ეს კი იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის ტრადიციული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აეყვანა.
ბატონი იან კელი ახლა ერთ-ერთ უნივერსიტეტში ასწავლის და იმდენი დრო კი აქვს, რომ საქართველოს და მის ხალხს ხან ერთ თემაზე დაარიგოს სოციალურ ქსელში ჭკუა და ხან - მეორეზე. მას ყველაფერზე აქვს თავისი „კომპეტენტური“ აზრი და, ალბათ, შორს არა ვართ იმ დროისგან, როცა ტვიტერით „განდაგანას“ ილეთებსაც აგვიხსნის.
არც ეს მიკვირს, რადგან როდესაც შენს კარიერაში საქართველოში ელჩობა ფიასკო იყო, მერე რაღაც უხილავი ძალა ისევ წარუმატებლობის ადგილისაკენ გექაჩება და დაშვებული შეცდომების გამოსწორების ცრუ იმედს გაძლევს. სამწუხაროდ, მისი ეს მცდელობები ახალ-ახალი ფიასკოა და უკვე გამაღიზიანებელიც მკითხველისა თუ მსმენელისათვის. თორემ, სხვა მხრივ, ჩვენს საქმეში ანგარიშგასაწევი როგორ იქნება კაცი, რომელიც თავისსავე საქმეში ერთი ხელმოცარული ვინმეა?!
ანგარიში როგორ გავუწიოთ კაცს, რომელიც გამოდის და უსამართლოდ გვსაყვედურობს, გვერდში რატომ არ უდგახართ უკრაინას, როცა მასზე მხეცური თავდასხმააო! ამბობს ამას და არ აზუსტებს, თუ მეტი რაღა უნდა გავაკეთოთ. ბატონო იან, რა უნდა გავაკეთოთ კიდევ მეტი? მე კი ვხვდები, რისი თქმაც გსურთ, მაგრამ ნუ გერიდებათ, გვითხარით! არასოდეს გერიდებოდათ რიხით საუბარი და ახლაც გვითხარით, რომ თქვენ უფრო მეტი ჟინი გექნებოდათ, „გეტვიტათ“ და „გეპოსტათ“, თუ ამ პატარა საქართველოში იქნებოდა ცეცხლი და ომი და რომ სწორედ ესაა თქვენთვის უკრაინის „გვერდში დგომა“. ჩვენ, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, მრავალ განსაცდელს გამოვლილი ჩვენი ხალხი ამისთვის აღარ გვემეტება და თუ ეს ჩვენს მაგივრად გსურთ, გვითხარით! სხვაგვარად გაუგებარია, რა უნდა გააკეთოს პატარა საქართველომ იმაზე მეტი უკრაინისთვის, ვიდრე აკეთებს. ყველაზე წინ ვართ უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის ოდენობით, გულითადად ვიღებთ უკრაინელ ქალებსა და ბავშვებს, ვხსნით უკრაინულ სკოლებს, ვაწყობთ სოლიდარობისა და საქველმოქმედო ღონისძიებებს, აქტიურად ვართ ჩართული ოკუპანტი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ პროცესებში - როგორც უკრაინის, ასევე, ჩვენივე ოკუპირებული ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად...
და ბოლოს, სამართლიანობა მოითხოვს, აუცილებლად აღვნიშნო ის, რასაც ელჩი კელი საუკეთესოდ აკეთებდა საქართველოში: ის მუდამ გვეუბნებოდა, დიდი ინტერესით გაკვირდებითო. მაგრამ კარგი ელჩობისთვის, ეს არ კმარა.
საბედნიეროდ, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, მრავალჯერ გვქონია ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო ელჩებთან ურთიერთობის პატივი და სიამოვნება“ - წერს თეა წულუკიანი Facebook-ზე.