ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ევროპა უფრო აქტიურად უნდა მონაწილეობდეს. თუმცა, მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა ჯერ უნდა შეათანხმონ, ვინ წარადგენს ევროკავშირს მოლაპარაკებებზე და რა პრინციპებით იხელმძღვანელებს მისი წარმომადგენელი.
ნაუსედას თქმით, ევროპას სურს და, უდავოდ, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
„ამის ერთი ძალიან მარტივი მიზეზი არსებობს: ამ მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბებული უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, ლიეტუვისთვის. თუმცა მანამდე უნდა შევთანხმდეთ, და ეს საკმაოდ სწრაფად უნდა გავაკეთოთ, ვინ წარმოადგენს ევროპას და რა პრინციპებით“, - აღნიშნა ნაუსედამ.
ლიეტუვის პრეზიდენტის აზრით, მოლაპარაკებებზე ევროპელი წარმომადგენლების მუდმივმა ცვლამ შესაძლოა შექმნას შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირს მკაფიო და მტკიცე პოზიცია არ აქვს.
„არ მიმაჩნია მიზანშეწონილად მიდგომა, რომლის დროსაც ევროპას მუდმივად ცვალებადი ლიდერები წარმოადგენენ. ეს მეორე მხარეს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ევროპა მოლაპარაკებებზე მტკიცედ არ არის წარმოდგენილი და ეს უფრო მუდმივად ცვალებადი სახეების ერთგვარ ფესტივალს ჰგავს“, - განაცხადა ნაუსედამ.
მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა ჯერ უნდა შეიმუშაოს კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც შეარჩევს პირს, რომელსაც ევროკავშირის სახელით საუბარი დაევალება.