დიდ ბრიტანეთში აშშ-ის არმიის სამხედრო ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.
ამის შესახებ ბრიტანულმა პოლიციამ განაცხადა.
აშშ-ის არმიის სამხედრო მოსამსახურე კონტრტერორისტული პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. გამოძიება ამერიკის ხელისუფლებასთან, აშშ-ის სამხედრო უწყებებთან და გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს.
41 წლის კაცი სამშაბათს, 10 ნოემბერს, გლოსტერის მახლობლად დააკავეს. მას 2023 წლის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის პირველი და მესამე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენაში ედება ბრალი.
გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველები გლოსტერშირის საგრაფოში ორ მისამართზე ჩხრეკას ატარებენ. ეჭვები რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას უკავშირდება.
„ეს მნიშვნელოვანი დაკავება და გამოძიება ბრიტანეთისა და ამერიკის ხელისუფლებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ბრალდებები სერიოზულია და გამოძიება აქტიურად გრძელდება“, - განაცხადა პოლიციის კომისრის მოადგილემ, ვიკი ევანსმა.
FBI-ის დირექტორმა კეშ პატელმა განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი დაკავება ჯაშუშობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება, რაც აშშ-სა და ჩვენს მოკავშირეებში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
„სანამ გამოძიება გრძელდება, მსურს მკაფიოდ განვაცხადო: FBI არ შეეგუება იმ ადამიანების ქმედებებს, რომლებიც აშშ-ის ერთგულების ფიცს არღვევენ და საკუთარი მოქმედებებით საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასა და პარტნიორების უსაფრთხოებას“, - აღნიშნა პატელმა.
აშშ-ის არმიის კონტრდაზვერვის სარდლობის მეთაურის, ბრიგადის გენერალ შონ სტინჩონის განცხადებით, ეს საქმე პარტნიორული ურთიერთობების სიმტკიცესა და კონტრდაზვერვის უწყებების მტკიცე გადაწყვეტილებას აჩვენებს.