25 მაისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის ორგანიზებით ანგარიშის "ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასება 2020-2021 წწ." პრეზენტაცია გაიმართა. ამასთან, საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის სიგელი გადაეცათ სხვადასხვა ორგანიზაციებს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულმა ნორმატიულმა აქტმა "სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ", მომზადების დროს წარმოებული საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხმა შერჩეულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა და სებ-ს დიალოგის ხარისხის სიგელი გადაეცა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ მონაწილეობა მიიღო ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში თემაზე: "საჯარო-კერძო დიალოგის როლი ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებაში - გამოწვევები და შესაძლებლობები".
"ჯერ კიდევ 2017 წელს ეროვნულმა ბანკმა თავისივე კანონმდებლობაში განსაზღვრა სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სებ-ი საფინანსო სექტორთან დაკავშირებულ ნორმატიულ აქტებს, რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევის გარდა, დაინტერესებული მხარეებისგან კომენტარების მიღების მიზნით, ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს. 2018 წლიდან დღემდე 30-მდე ასეთი პროექტი გვაქვს გამოქვეყნებული, როგორც მეორადი კანონმდებლობის, ისე კანონპროექტების სახით და არაერთი დაინტერესებული მხარისგან მიღებული კომენტარები. ამ ეტაპზეც რამდენიმე აქტიური პროექტია ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული", - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.
სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესი შეიქმნა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის საქართველოს სავალუტო ბაზარზე დანერგვის ხელშეწყობის მიზნით. მისი ძირითადი მოტივაციაა სავალუტო ბაზარზე გამჭვირვალობის, მონაწილეთა თანაბარი უფლებების და კონკურენციის ხელშეწყობა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა. წესი შემუშავდა ბაზრის მონაწილეების აქტიური ჩართულობით და გლობალურ ტენდენციებთან ერთად გათვალისწინებულ იქნა ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები.
აღსანიშნავია, რომ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ახორციელებს პროექტს - "საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების გზით". პირველ ეტაპზე, შეფასდა საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხი რვა კანონთან, რვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტთან და ორი მუნიციპალიტეტის ორგანოს - ზუგდიდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში.