რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვისთვის მიუღებელია სომხეთის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკის კურსი და ერევნისგან განმარტებებს ელოდებიან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გალუზინის თქმით, მოსკოვს სურს იცოდეს, რა მიმართულებით მიდის სომხეთი.
„ჩვენთვის მიუღებელია ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს სომხეთის ხელისუფლება ატარებს, როდესაც აცხადებს, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩება მანამდე, ვიდრე ევროკავშირის წევრი არ გახდება. ასეთი მიდგომა ჩვენთვის სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა მან.
ამასთან, გალუზინმა აღნიშნა, რომ მოსკოვს სომხეთისთვის ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის არჩევანის გასაკეთებლად კონკრეტული ვადები არ დაუწესებია.
რუსეთში ასევე უკმაყოფილება გამოიწვია ერევანში მაისის დასაწყისში ჩატარებულმა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტმა და სომხეთი-ევროკავშირის პირველმა სამიტმა. რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ევროპა ცდილობს სომხეთის „ანტირუსულ ორბიტაში“ ჩათრევას.
რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი 9 მაისს სომხეთს „უკრაინული სცენარით“ დაემუქრა.
7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კვლავ გაიმარჯვებს, იგი მანდატს მიიღებს თავისი პოლიტიკის გასაგრძელებლად, რომელიც ევროკავშირთან დაახლოებასაც მოიცავს.