დიდ ბრიტანეთში რადიოსადგურმა Radio Caroline ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც შეცდომით გაავრცელა ინფორმაცია მეფე ჩარლზის გარდაცვალების შესახებ.
ამის შესახებ Independent იუწყება.
რადიოსადგურმა, რომელიც ინგლისის სამხრეთში და მიდლენდსის რეგიონში მაუწყებლობს, ეთერში გააჟღერა ინფორმაცია მეფის გარდაცვალების შესახებ და ჰიმნი „God Save the King“.
შემდეგ ერთ-ერთმა ონლაინ მსმენელმა განაცხადა, რომ გადაცემა მოულოდნელად შეწყდა. მაუწყებლობა დაახლოებით 15 წუთით შეწყდა.
შემდგომში გაირკვა, რომ ცნობა კომპიუტერული შეცდომის შედეგად გავრცელდა.
„კომპიუტერული შეცდომის გამო ჩვენს მთავარ სტუდიაში სამშაბათს შუადღეს (19 მაისი) შემთხვევით გააქტიურდა „მონარქის გარდაცვალების“ პროცედურა, რომელსაც ყველა ბრიტანული სადგური წინასწარ ინახავს იმ იმედით, რომ არასდროს დასჭირდება, და შეცდომით გამოცხადდა, რომ მისი უდიდებულესობა მეფე გარდაიცვალა“, — განაცხადა სადგურის ხელმძღვანელმა პიტერ მურიმ.
მან ბოდიში მოუხადა მეფესა და მსმენელებს და აღნიშნა, რომ სადგური მომავალშიც გააგრძელებს სამეფო ოჯახის ღონისძიებების გაშუქებას.
სამშაბათს მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა ბელფასტში ჩავიდნენ, სადაც წელს პირველად იმყოფებიან ჩრდილოეთ ირლანდიაში ოფიციალური ვიზიტით. მანამდე, ისინი ჩელსის სამეფო ყვავილების გამოფენას დაესწრნენ.