რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას "სპეციალური ეკონომიკური ზომების გამოყენების შესახებ გარკვეული უცხო სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ".
როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, საპასუხო ზომები მიმართულია რუსეთის ფედერაციის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ.
განკარგულება უკრძალავს რუსეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ფედერალურ, რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს ტრანზაქციების განხორციელებას და ვალდებულებების შესრულებას უცხოური იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც მოექცევიან რუსეთის საპასუხო სანქციების რეჟიმის ქვეშ.
გარდა ამისა, აკრძალულია რუსეთიდან ნედლეულისა და პროდუქციის ექსპორტი რუსეთის „შავი სიაში“ მოხვედრილი პირების სასარგებლოდ.
იმ პირთა სიას, რომელთა მიმართაც რუსეთის ფედერაციის საპასუხო სანქციები იქნა მიღებული, რუსეთის მთავრობა 10 დღის ვადაში დაამტკიცებს. ამავე პერიოდში გამოცხადდება საპასუხო სანქციების გამო აკრძალული ტრანზაქციების დამატებითი კრიტერიუმები.