ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ფილიპო გრანდის განცხადებით, უკრაინაში დამანგრეველი ომის გამო, საკუთარი სახლების დატოვება 10 მილიონ ადამიანს მოუხდა.
"ომი უკრაინაში იმდენად დამაგრეველია, რომ 10 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა", - წერს გრანდის სოციალურ ქსელში.
ფილიპო გრანდის თქმით, ამ რაოდენობაში მოიაზრება როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირები, ასევე უკრაინის ფარგლებს გარეთ ლტოლვილნი.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საინფორმაციო პორტალის თანახმად, 19 მარტის მდგომარეობით, უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობამ 3.5 მილიონს გადააჭარბა, მათგან ყველაზე მეტმა (2 052 392) პოლონეთს შეაფარა თავი.