ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივიას, ეროვნული თანხმობის პროცესის წამოწყების თაობაზე.
კრამონის თქმით, საქართველოს მეგობრები ეთანხმებიან პრეზიდენტის ინიციატივას.
"საქართველოს საერთაშორისო მეგობრები ეთანხმებიან საქართველოს პრეზიდენტს, მეტს ვნახავთ უახლოეს მომავალში", - წერს ვიოლა ფონ კრამონი "ტვიტერში".
ეროვნული თანხმობის მიღწევის მიზნით ინკლუზიური პროცესის მნიშვნელობაზე, თავდაპირველად, სალომე ზურაბიშვილმა ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებულ დემოკრატიის სამიტზე განაცხადა.
სამიტზე ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ ხელს შეუწყობს ინკლუზიური პროცესის წამოწყებას, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ.
მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან, როგორც პრეზიდენტმა, აიღო შერიგების პროცესის დაწყების ვალდებულება.
16 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა, სადაც მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ეროვნული თანხმობის პროცესის წამოწყების აუცილებლობაზე.