"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პარლამენტარმა ეკა ხერხეულიძემ, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, გააჟღერა სააკაშვილის მონათხრობი ციხეში თაფლის მიღებასთან დაკავშირებით.
ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ციხეში 5 ქილა თაფლი შეიძინა, ხოლო ამ საკითხის ირგვლივ წამოწყებული სპეკულაციების გამო, 4 ქილა უკან დააბრუნა.
"ანატომია ამ ამბის ყოფილა ესეთი, როდესაც ექიმი შევიდა დეპარტამენტიდან, ურჩევია რომ ჩაიში გამოიყენოს შაქარი, რაზეც უარი განაცხადა და უთქვამთ, რომ თაფლი ერთი კოვზი შეგიძლია მიიღოო. ამის შემდგ მას შეუძენია 5 ცალი 50 მლ გრამიანი ქილა, 7-ად რომ ასაღებენ, დათვის ქილად რომ აქვთ წარმოდგენილი. როგორც კი მიშამ მოისმინა, რომ ამით სპეკულირებენ და ეს შეიძლება გამოიყენონ იმისთვის, რომ მის შიმშილობას ჩრდილი მიადგეს, მთხოვა გადაეცი ყველა დაინტერესებულ პირს, რომ ერთი უკვე გახარჯული მქონდა და 4 ქილა აქტით, ხელმოწერით ჩავაბარე ადმინისტრაციასო. ამიტომ ამ ტყუილს გასავალი ვერ ექნება", - თქვა ხერხეულიძემ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ "როცა ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს".
პრემიერ-მინისტრი ამ კომენტარით გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადრე გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში 7 ქილა თაფლი შეიძინა.
გუშინ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. პატიმრობის პირველივე დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.