როცა ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს, - თქვა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლობის შესახებ საუბრისას.
"შესაბამისმა სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეციალისტები ყოველდღე აკვირდებიან მის მდგომარეობას და დამაკმაყოფილებელი არის. ამას გარდა, როცა ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს - ამასაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. მან პირადად იყიდა შვიდი კოლოფი თაფლი და ნახევარი კილოგრამი მიირთვა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ამ კომენტარით გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადრე გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში 7 ქილა თაფლი შეიძინა.
შეგახსენებთ, გუშინ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. პატიმრობის პირველივე დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.