სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
"მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა - 120/90; პულსი - 90; სატურაცია - 97. გლუკოზა - 101mg/dl.
როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციულ დაწესებულებაში იმყოფება. პატიმრობის პირველივე დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.