აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი ირანის მხრიდან მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის გამო ვაშინგტონის მახლობლად მდებარე საცხოვრებლიდან სამხედრო ბაზაზე გადავიდა.
The New York Times-ის ცნობით, ბესენტის გადაადგილება მას შემდეგ გადაწყდა, რაც აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ბოლო კვირების განმავლობაში დაასკვნეს, რომ ირანის შეთქმულებები მოქმედი და ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა. ამ შეფასების ერთ-ერთი საფუძველი ბესენტის მიმართ არსებული მუქარის შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია იყო.
Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის დაზვერვის მაღალჩინოსანმა ჯერ კიდევ გასული თვის ბოლოს მემორანდუმში გააფრთხილა, რომ ირანის გეგმები ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ განვითარების მოწინავე ეტაპზე იყო.
გამოცემის ცნობით, ბესენტის მიმართ მუქარის კონკრეტული სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია. უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ხელი შეუწყო Wall Street Journal-ის მიერ მისი ჯორჯთაუნის სახლის საჰაერო ფოტოს გამოქვეყნებამაც, რომლის მეშვეობითაც საცხოვრებლის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა გახდა შესაძლებელი.
ბესენტი აგვისტოდან ხელმძღვანელობს ვაშინგტონის ეკონომიკური ზეწოლის კამპანიას ირანის წინააღმდეგ, რომელიც სანქციებსა და ეკონომიკურ შეზღუდვებს მოიცავს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენრის წარმომადგენლის განცხადებით, ბესენტი ირანის რეჟიმის მუქარას არ დაემორჩილება და ეკონომიკური ზეწოლის კამპანიის განხორციელებას გააგრძელებს.
ამასთან, Reuters აღნიშნავს, რომ ირანი ადრეც უარყოფდა აშშ-ის ტერიტორიაზე მაღალჩინოსნებისა და სხვა პირების წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმვას. ამერიკელი ოფიციალური პირების შეფასებით, ირანის შესაძლებლობა, აშშ-სა და სხვა ტერიტორიებზე მასშტაბური თავდასხმები განახორციელოს, შეზღუდულია