ჯანდაცვის სამინისტრო გეგმიურ ოპერაციებს დროებით აჩერებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
ტიკარაძის თქმით, გეგმიური ოპერაციების შეჩერება საწოლფონდის მობილიზების აუცილებლობას უკავშირდება, რისი საჭიროებაც, თავის მხრივ, გართულებულმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ განაპირობა.
"გეგმიურ ოპერაციებთან დაკავშირებით გამოვეცით ახალი განკარგულება გამომდინარე იქიდეან, რომ იცით მობილიზება მიმდინარეობს საწოლფონდის, და ისევე როგორც მეორე ტალღის პერიოდში, მნიშვნელოვანია, რომ ყველა რესურსი საწოლფონდის დღესდღეობით გადაერთოს კოვიდ მართვაზე. რა თქმა უნდა, მძიმე პაციენტები სასტუმროებში არ მოთავსდებიან, ისინი მოთავსდებიან კლინიკებში", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრომ გეგმიური ოპერაციების დაფინანსება გასული წლის ნოემბრიდან 2021 წლის მარტამდე პერიოდშიც შეაჩერა.