ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი, ვაქცინაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ კორუფციულ სქემებზე საუბრობს.
კანდელაკი ასევე შეეხო ვაქცინაციის საიტის გაუმართაობის საკითხს და აღნიშნა, რომ სისტემას აქვს მრავალი ხარვეზი, რაც აჩენს კორუფციული სქემების ნიშნებს.
"გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ სახეზე გვაქვს ვაქცინაციის პროცესის სრული კრახი, რომ გვაქვს მაღალი სიკვდილიანობა ქვეყანაში და საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა ვაქცინაციის სტატისტიკით. მხოლოდ ეს კრახი იქნებოდა საკმარისი, სხვა ყველა საკითხს რომ თავი დავანებოთ, მთავრობის და პრემიერ მინისტრის გადასაყენებლად.
ასევე მინდა გამოვეხმაური გუშინდელ კრახს ფაიზერის ვაქცინასთან დაკავშრებით, მთელ თბილისში მუსირებს და ყველა იცნობს ადამიანებს, რომლებმაც ჩაწყობით გაიკეთეს ფაიზერის ვაქცინა. ამ კომუნისტური ნომეკლატურის მეტასტაზებმა, რომელთათვის მშობლიურია ეს ჩაწყობა, მათ შესაძლებელი გახადეს, რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს რაღაც შავი სიები, მარცხენა სიები თუ გნებავთ და ასე სისტემის ავლით ვიღაცეებს კანონის ავლით უკეთებენ ფაიზერის აცრას, უკეთებდნენ ადრეც, რომელთაც არც ასაკით ეკუთვნოდათ და არც სხვა კრიტერიუმით.
ამის ერთ-ერთი დასტური ისიცაა, რომ როდესაც გაიხსნა გუშინ, 15:00 საათზე ვაქცინაციის საიტი, უამრავი ადგილი უკვე იყო დაჯავშნილი", - განაცხადა კანდელაკმა.
გიორგი კანდელაკი ასევე შეეხო ფარმაცევტულ კომპანია "მოდერნასთან" დაკავშირებულ საკითხს.
კანდელაკის თქმით, საქართველოს ჰქონდა წინასწარი შეკვეთის განთავსების შესაძლებლობა კომპანია მოდერნასთან, რითაც ხელისუფლებამ არ ისარგებლა და დაკარგა შესაძლებლობა გადაერჩინა ასეულობით სიცოცხლე. კანდელაკი პასუხისმგებლობას ჯანდაცვის მინისტრსა და დავადებათა კონტროლის ხელმძღვანელს აკისრებს და ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მათზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას ითხოვს.
"დღეს მე მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობას ჰქონდა კომპანია მოდერნასთან, ჯერ კიდევ ვაქცინების გამოშვებამდე წინასწარი შეკვეთის განთავსების შესაძლებლობა, რითაც საქართველოს მთავრობამ არ ისარგებლა, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაშიც საქართველო იქნებოდა დღეს ერთ-ერთი მოწინავე პოზიციაზე ვაქცინაციის თვალსაზრისით მსოფლიოში და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა, იქნებოდა ცოცხალი.
ეს თავადვე დაადასტურა თამარ გაბუნიამ გასულ კვირას, როცა მან თქვა, რომ კომპანია მოდერნას და ჯონსონ&ჯონსონის მიერ შემოთავაზებული პირობები ჩვენთვის ხელსაყრელი არ იყოო.
მაინტერესებს, განა რა პირობები იყო ისეთი, რომელთაც მათ შეგნებულად არჩიეს დღეში 20-30 ადამიანამდე სიკვდილი. დღეში საქართველოში იღუპება 20 დან 30 ადამიანამდე, თუკი საქართველოს მთავრობას ჰქონდა ვირუსთან ვითომ ქუჩების შამპუნის მორეცხვისთვის ასეულ ათასობით ლარი, თუკი საქართველოს მთავრობას ჰქონდა კორუმპირებულ და სულელურ ე.წ სამოგზაურო კარანტინში 65 მილიონი ლარის გადაყრის, გაფლანგვის ფული, რა იყო ამისთანა, რომ მათ არ ჰქონდათ საშუალება, რომ წინასწარი შეკვეთა განეთავსებინათ კომპანიებთან მოდერნა და ჯონსონ & ჯონსონი.
მოვუწოდებ ქალბატონ ტიკარაძეს, გაასაჯარავოს დოკუმენტები ამ ორ კომპანიასთან, მიმოწერის დოკუმენტები და თუკი აღმოჩნდება, რომ საქართველოს მართლაც ჰქონდა წინასწარი შეკვეთის განთავსების შესაძლებლობა, რითაც საქართველოს მთავრობამ არ ისარგებლა, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რადგან ეს ეხება ადამიანების სიცოცხლეს", - აღნიშნა კანდელაკმა.