ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, გვაქვს ხელმოწერილი ხელშეკრულებები და ამ უახლოესი თვეების განმავლობაში ვაქცინების დამატებით დოზებს მივიღებთ, - აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით ვაქცინების შემოტანაზე მოლაპარაკებები უშუალოდ მწარმოებლებთან მიმდინარებს.
„ასევე, მინდა, გითხრათ, რომ ვაქცინების თაობაზე საკმაოდ ეფექტიანად, წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უშუალოდ მწარმოებლებთან. ერთი არის „კოვაქსის“ პლატფორმა, საიდანაც ჩვენ უკვე დავიწყეთ ვაქცინების მიღება, მეორე არის უშუალოდ მწარმოებლებისგან მიღებული ვაქცინები. ამის თაობაზე რამდენიმე დღეში გვექნება საშუალება, რომ ქალბატონ მინისტრთან ერთად, დეტალური ინფორმაციით წარვდგეთ საზოგადოების წინაშე. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, საუბარია „ფაიზერის“ დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, ივნისი-ივლისის თვეში დაახლოებით. მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება. მეც უშუალოდ ვიყავი ჩართული, „ფაიზერის“ პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი. გვაქვს მოლაპარაკება ჩინური „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ქარხნებთან, დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით. „მოდერნასთან“, ასევე „ნოვავაქსის“ ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. ასე რომ, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, გვაქვს ხელმოწერილი ხელშეკრულებები და ამ უახლოესი თვეების განმავლობაში დამატებით დოზებს მივიღებთ, ისე, რომ არ იქნება არავითარი შეფერხება ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.