საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო რეგულაციების გამარტივებას გეგმავს, - საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში გამოქვეყნებული ინფორმაცია, ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ დაადასტურა.
მისი თქმით, იგეგმება ლიბერალიზაცია.
„ეს იქნება მთელი პაკეტი ლიბერალიზაციის. მე არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს და კონკრეტულ დეტალებზე ვისაუბრო, იმიტომ, რომ ეს სამუშაო ჯერ არ არის დასრულებული და ძალიან მალე დასრულდება. მე, როგორც ეკონომიკის მინისტრი, ყოველთვის მომხრე ვარ, რომ გარკვეული ლიბერალიზაცია გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეკონომიკაში გაჩნდეს მეტი რესურსი დაბანდების“, - ამბობს ნათელა თურნავა.
სავალუტო ფონდში აღნიშნავენ, რომ ცვლილება დადებითად აისახება მათზე, ვისი შემოსავალი 1000-დან 4000 ლარამდეა, ანუ მათ შედარებით დიდი მოცულობის სესხის აღება შეეძლებათ.
სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, ცვლილებები სავარაუდოდ, 2020 წლის მარტამდე განხორციელდება. მათივე ინფორმაციით, დაკრედიტების პროცესში შემცირდება ადმინისტრაციული ტვირთი და რისკების შეფასებაში ბანკები უფრო მოქნილი იქნებიან.
2019 წლის იანვრიდან, ახალი საბანკო რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, სესხის აღების პროცედურა გამკაცრდა. თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით დაწესებული აქვს მაქსიმალური ლიმიტი თუ რა მოცულობის სესხი შეიძლება აიღოს მან.