შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ვრცელი წერილი გაუგზავნა, სადაც მას "ამერიკული დემოკრატიისთვის ღია ომის გამოცხადებაში" ადანაშაულებს.
"გწერთ, რათა ძალიან მტკიცედ და გავაპროტესტო დემოკრატების მიერ წამოწყებული ჯვაროსნული ლაშქრობა პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიზნით. ეს იმპიჩმენტი არის დემოკრატების მიერ ძალაუფლების არაკონსტიტუციურად და არნახულად ბოროტად გამოყენება", - ნათქვამია ტრამპის პელოსისადმი გაგზავნილ წერილში.
მისივე თქმით, იმპიჩმენტის წამოწყებით დემოკრატები არღვევენ მათ მიერ დადებულ ფიცს და ამერიკულ დემოკრატიას ღია ომს უცხადებენ.
ტრამპი აღნიშნავს, რომ არ მოელის ამ წერილით დემოკრატების შეხედულებების შეცვლას.
"ამ წერილს ვწერ ისტორიისთვის. ასევე იმისთვის, რომ საბოლოოდ და მტკიცედ დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება", - დასძენს პრეზიდენტი.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი კიდევ ერთხელ უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს და მათ უსაფუძვლოს უწოდებს.
დასასრულს, ტრამპმა ნენსი პელოსი თვალთმაქცობაში დაადანაშაულა მისი სიტყვების გამო, როდესაც მან თქვა, რომ არ სურს პრეზიდენტის იმპიჩმენტი და მისთვის ლოცულობს, მაგრამ სხვა არჩევანი არ აქვს.
"ამერიკელი ხალხი არ გაპატიებთ სამართლიანობის გზიდან გადახვევას და უფლაბემოსილები ბოროტად გამოყენებას", - ამბობს ტრამპი.
► წაიკითხეთ ტრამპის წერილი სრულად აქ.
ნენსი პელოსი გამოეხმაურა ტრამპის წერილს და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სრულად არ წაუკითხავს პრეზიდენტის წერილი, მაგრამ ნახა მისი სულისკვეთება და თვლის, რომ პრეზიდენტი "ნამდვილად ავად არის".
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში საბოლოო კენჭისყრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, დღეს გაიმართება.
შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის, წარადგინეს ბრალდება ორი მუხლით. ესენია: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და გამოძიებისთვის ხელის შეშლა.
იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა დადებითად გადაწყდება, საკითხი განსახილველად სენატს გადაეცემა, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელების ხელშია. რაც ქმნის მოლოდინს, რომ იმპიჩმენტის საკითხი ტრამპის სასიკეთოდ გადაწყდება.