განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით, პოლიციამ 1 პირი იმ დროს დააკავა, როცა ის თბილისის შემოვლით გზაზე გადაადგილდებოდა. პოლიციამ მისი ავტომანქანის ჩხრეკისას 392 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ნორცვაძის ინფორმაციით, ჯამში, 2019 წლის პირველი იანვრიდან 13 მაისამდე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 13.5 კილოგრამი "ჰეროინი", 1 800 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 2500 აბზე მეტი "ექსტაზი", 6.5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 400 გრამი კოკაინი და 400 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.
ამავე პერიოდში, სამართალდამცველების მიერ პასუხისგებაში მიცემულია 60 ნარკორეალიზატორი.