პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს და დაძაბულობას შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმიანება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიცია ადგილზე უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზეა განთავსებული.
"ახმეტის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, განთავსებულია პოლიციელთა შესაბამისი რაოდენობა. შესაძლო დაპირისპირების, ან პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, მოჰყვება დაუყოვნებლივი რეაგირება და იქნება
აღკვეთილი".-აღნიშნულია განცხადებაში.
პანკისში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისირება მოხდა. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ სპეცრაზზმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, კადრებში ასევე ჩანდნენ დაშავებული ადამიანები.