ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დაკავებულნი არიან - ცოტნე ცხვედიანი, გიორგი კობახიძე, გიორგი სოფრომაძე, ვახუშტი მენაბდე და დავით სუბელიანი.
"სოლიდარობა მუშებს" - სკანდირებენ ჭავჭავაძის გამზირზე აქცის მონაწილეები. მათ უარი განაცხადეს თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივაზე, მათ უახლოეს დღეებში შეხვდეს. აქციის მონაწილები ამბობენ, რომ სამუშაო ფორმატი და მრგვალ მაგდასთან ჯდომა ამოწურულია. "მობრძანდეს მოქალაქეებთან, დღესვე დაიწყონ ცვლილებები".
შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დაწყებული აქცია ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მათთან მივიდნენ. მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირზე გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალებას არ მისცა. სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციიდან შეიკრიბნენ, შემდეგ კი ჭავჭავაძის გამზირზე, იმ ადგილას გადაინაცვლეს, სადაც 31 მარტს სამშენებლო სამუშაოებისას მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. აქციის ორგანიზატორი „სოლიდარობის ქსელია“. მათ შეუერთდნენ ასევე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი და დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“. აქციაზე ასევე იმყოფებიან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.