სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მცხოვრებ ამერიკელ ჯეფი ატეფ ეზზატ აზიზს და მის მეუღლეს გუშინ, შუადღისით ამავე სოფელში მცხოვრები მამაკაცი თავს დაესხა.
როგორც დაზარალებულიები აღნიშნავენ, მამაკაცს მათი კუთვნილი მაღაზიიდან ღვინის მიცემაზე უარი უთხრეს, რის შემდეგაც თავდამსხმელი მოკვლით დაემუქრა, შემდეგ კი ოჯახის კუთვნილი ავტომანქანა ნაჯახით დააზიანა.
მათივე ინფორმაციით, მამაკაცი მკვლელობისთვის არის ნასამართლევი. ისინი დამნაშავის დაკავებას და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს, თუმცა რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, დაზიანებული ავტომანქანა კი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.