აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 38.7%-იანი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 29.4%-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-მაისში აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 84 მლნ 546 ათას 400 ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 117 მლნ 300 ათას 500 ლარი შეადგინა, ანუ გეგმა 138,7%-ით შესრულდა.
სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების მუხლი, 5 თვის მონაცემებით, 133.8%-ით შესრულდა, სხვა შემოსავლების მუხლი 106%-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 244.8%-ით.
რაც შეეხება 2018 წლის იანვარ-მაისის ნაერთი ბიუჯეტის გეგმას, ის 113 მლნ 450 ათას 400 ლარი იყო, თუმცა ის 29.4%-ით გადაჭარბდა და შესრულებამ 146 მლნ 794 ათას 700 ლარი შეადგინა.
საბიუჯეტო მონაცემები ცხადყოფს, რომ აჭარის ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების მუხლი 27.8%-იანი გადაჭარბებით, სხვა შემოსავლების მუხლი 9.7%-იანი, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 3.5%-იანი გადაჭარბებითაა შესრულებული.
რაც შეეხება თვითმმართველ და მუნიციპალურ ბიუჯეტებს მათი შესრულების მონაცემები ასე გამოიყურება: ბათუმი 103.6%-ი, ქობულეთი - 54.4%-ი, ხელვაჩაური - 119%-ი, ქედა - 112.3%-ი, შუახევი - 237.5%-ი და ხულო -78.5%-ი.