„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რასაც აკეთებენ, არის პირდაპირი პროვოკაცია და ობსტრუქცია,“ - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, გააკეთა. მისი თქმით, თანაგრძნობა კარგია, მაგრამ, მისივე შეფასებით, ენმ-ის ლიდერების ქმედებები ამ თანაგრძნობას მნიშვნელოვნად სცილდება. „მე მესმის და ამიტომ მუდმივად ვმიჯნავ შვილმკვდარი მშობლის ტრაგედიას და ემოციას. ის განსხვავებულია და აქ ჩვენი თანაგრძნობის და თანადგომის ხარისხი სხვა არის, მაგრამ როდესაც მე ვუყურებ, რას აკეთებენ „ნაციონალურ მოძრაობის“ ლიდერები, ეს არის პირდაპირი პროვოკაცია და ობსტრუქცია,“ - განაცხადა ბესელიამ.
ეკა ბესელია კონკრეტულად არ პასუხობს კითხვას იმის შესახებ, დატოვებს თუ არა პარლამენტის საგამოძიებო კომისიას, როგორც ამას ზაზა სარალიძე ითხოვს. თუმცა, აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ სარალიძის შეფასება გაუგებარია.
„მე მინდა, ჩემი თანაგრძნობის მასშტაბი იყოს იმხელა, რომ დაიტიოს მათ შორის ასეთი უსამართლო შეფასებები, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. როგორ ფიქრობთ, ჩემი ოცნებაა ამ კომისიაში ვიყო? საჭირო იყო გარკვეული პროფესიული, ობიექტური გამოცდილების მიხმარება, თორემ ჩემი პირადი ახირებით და ოცნებით კი არ ვარ ამ კომისიაში. მე არ მაქვს პოზიცია, რომ აუცილებლად უნდა ვიყო კომისიაში, მანდატი მივიღე პარლამენტის მხრიდან საჭიროებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა ბესელიამ.