თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაეფ ერდოღანმა დაგმო ავსტრიის ხელისუფლება, რომელმაც განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, დახუროს ქვეყანაში მოქმედი შვიდი მეჩეთი და გააძევოს ქვეყნიდან იმამები.
თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ეს ქმედებები ანტი ისლამურია და იგი აპირებს ამ მხრივ ზომების მიღებას. ამის შესახებ გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანია „Deutsche Welle“ იუწყება.
სიტყვით გამოსვლისას, სტამბულში, ერდოღანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ავსტრიის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა გამოიწვიოს ომი რელიგიებს შორის.
შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს ქვეყნის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ავსტრიის ხელისუფლება თურქული ისლამის კავშირის 40 იმამის დეპორტაციას მოახდენს, ასევე დახურავენ 6 მეჩეთს, რომელიც თურქეთის ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია „რუხ მგლებს“ ეკუთვნის.
აპრილში, ავსტრიის ხელისუფლება დაიმუქრა, რომ აუკრძალავდა თურქეთის ისლამურ კავშირს კულტურულ და სოციალურ თანამშრომლობას ავსტრიასთან.
ვენასა და ანკარას შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ავსტრიის ხელისუფლებამ თურქეთის ეკონომიკის მინისტრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. იგი აპირებდა მონაწილეობა მიეღო ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა თურქეთის რესპუბლიკაში გადატრიალების მცდელობის წლისთავს.