საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, რომელშიც შედიან რატი იონათამიშვილი, ირაკლი ბერაია და გიორგი ტუღუში, ვაშინგტონში კონგრესმენ ალენ ლოვენტალს შეხვდა.
ქართულმა მხარემ კონგრესმენთან ისაუბრა იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რომელიც არის საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის პრიორიტეტებსა და საქმიანობაზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა ამერიკის განსაკუთრებულ როლსა და მხარდაჭერაზე საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით მიმდინარე რეფორმებთან მიმართებით. საუბარი შეეხო, ასევე, საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, იმ პოზიტიურ შედეგებს რასაც მოიტანს ხელშეკრულების ამოქმედება ორივე ქვეყნისათვის.
კონგრესმენმა ხაზი გაუსვა აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის, დემოკრატიული რეფორმების კუთხით. მან, როგორც კონგრესის ადამიანის უფლებათა კომისიის წევრმა განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება ადამიანის უფლებების მიმართულებით მიმდინარე რეფორმებზე. მან საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში ქართველ კოლეგებს მხარდაჭერა აღუთქვა.
ვიზიტი ხორციელდება აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით ბაქრაძის მხარდაჭერით.