კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველოში სიღარიბე დასაძლევი გვაქვს, აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი აკეთებს. როგორც კვირიკაშვილი განმარტავს, 2014 წელს ქვეყანამ გამოიარა უმძიმესი კრიზისი, რომელიც გამოწვეული იყო უკრაინაში საომარი მოქმედებებითა და ოკუპაციით. ასევე, სირიაში ძალიან მძიმე კრიზისი, რომელიც რა თქმა უნდა, რეგიონზე აისახა, აისახა ჩვენი ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებზე, აისახა დევალვაციაში.
“ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდა, მან მნიშვნელოვნად გაასწრო ინფლაციის მაჩვენებელს, მაგრამ, სამწუხაროდ ამავდროულად ძალიან გაიზარდა დევალვაციის შედეგად დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსი, რამაც სერიოზული ნეგატიური გავლენა მოახდინა ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
რომ არა ის ფისკალური, ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც ესტონური მოდელის სახით არის ჩვენთან ცნობილი და რომელიც 2017 წლის პირველი იანვრიდან ჩავრთეთ, თუმცა მანამდე მთელი წელი ვამზადებდით, ვსწავლობდით, მათ შორის სავალუტო ფონდის მნიშვნელოვანი ექსპერტების დახმარებით, ესტონეთის შეცდომებს, ჩავარდნებს, რომელიც იქ განხორციელებულ რეფორმას მოჰყვა და პრინციპში, ყველა შესაძლო ასე ვთქვათ ხვრელი დაილუქა საკანონმდებლო, სწორი ცვლილებების შედეგად.
ძალიან ბევრი ვიმუშავეთ პარლამენტთან ერთად, მთელი პარლამენტი იყო ჩართული, განსაკუთრებით, ბუნებრივია, ეკონომიკური პროფილის - საფინანსო საბიუჯეტო და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტები.
შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ დავძლიეთ კრიზისის ეფექტი, არამედ მნიშვნელოვან პოზიტიურ ტენდენციაში მოვახდინეთ ამ კრიზისის ტრანსფორმაცია.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველოში სიღარიბე დასაძლევი გვაქვს, ამას კიდევ არა ერთი წელი დასჭირდება და ეს სიმართლეა, თუმცა ის ტენდენცია, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული, არის რეცეპტი და გზა, სიღარიბის დაძლევისა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს ძალიან სწორი, საფუძვლიანი იმედი იმისა, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ამ გზით ნამდვილად შესაძლებელია, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი სიღარიბეს”, აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.