2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.6%-ით გაიზარდა და 18.0 მილიარდი ლარი შეადგინა. როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე განმარტა, ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვის ზრდა 20%-ით.
„მე მინდა ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მცირე და საშუალო ბიზნესზე და ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ზრდის მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალი იყოს მცირე და საშუალო ბიზნესში, ვინაიდან სწორედ ეს მიმართულება აგრძნობინებს მოსახლეობის ფართო ფენებს ეკონომიკური ზრდის შედეგებს”, აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამასთან, 17.1%-ით არის გაზრდილი მსხვილი საწარმოების ბრუნვა.
„ბიზნესსექტორში ბრუნვის ზრდა, რა თქმა უნდა, პოზიტიურად აისახება დასაქმებაზეც - 2018 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 5.3%-ით, მათ შორის დაქირავებული სამუშაო ადგილების რაოდენობა 5.7%-ით გაიზარდა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 8%-ით არის გაზრდილი, დაახლოებით 1100 ლარს შეადგენს”, აღნიშნა პრემიერმა.