საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის მოთხოვნას ამნისტია შეეხოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-უ მუხლის მეორე ნაწილს _ არ იზიარებს.
ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ გააკეთა.
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი `ამნისტიის შესახებ~, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 273-ე მუხლით მსჯავრდებული პირებისთვის დარჩენილი სასჯელის განახევრებას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ერთობლივ სხდომაზე განიხილა და მხარი პროექტს უცვლელად დაუჭირა.
ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილსაც უნდა შეეხოს.
ამ მოთხოვნას კი საპარლამენტო უმრავლესობა არ იზიარებს. ამის მიზეზად კი `საზოგადოებრივ საფრთხესა და რისკებს~ ასახელებენ.
`ქართულ რეალოაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, სრულიად არასერიოზულია საუბარი იმის შესახებ, თითქოს სუბუტექსი თავის ტკივილის წამალია და დაუშვებელია მისი მოხმარების და შენახვის გამო ადამიანები ისჯებოდნენ. ძალიან გთხოვთ იმის თაობაზეც დაფიქრდეთ, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი 260-ე მუხლის სამივე ნაწილით დაკავებული პატიმრები ციხიდან გამოვლენ,~ _ განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კულბაშვილმა.