დღეს, 3 ოქტომბერს, 09:00 საათზე, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩატარდება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი _ წერითი გამოცდა.
წერით გამოცდაზე მონაწილეობას მიიღებს 53 პირი, რომლებმაც გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) წარმატებით ჩააბარეს და გამსვლელი ქულა დააგროვეს.
გამოსაცდელებს წერითი გამოცდისთვის ეძლევათ 6 საათი. მათ უნდა შეძლონ როგორც სამართლის ნორმების მისადაგება საგამოცდო ბილეთში მოცემულ ცხოვრებისეულ მაგალითებთან, ასევე თავიანთი მოსაზრებების კანონშესაბამისი დასაბუთება.
საგამოცდო ბილეთის თითოეული საკითხი ფასდება ხუთქულიანი სისტემით. წერითი გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ გამოსაცდელი დააგროვებს სულ ცოტა 15 ქულას.
წერითი ნაშრომის შეფასება ხდება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრების მიერ, რა დროსაც დაცულია გამოსაცდელისა და გამომცდელის ორმხრივი ანონიმურობის პრინციპი.