ამ ჩემს მრავალჭირგამოვლილ, ნაბრძოლ პარტიას ბევრი რამ უნახავს, მაგრამ თანამდებობის შენარჩუნების ასეთი უბადრუკი მცდელობა ნამდვილად პირველად ვნახე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი-ერთი
წევრი, ანა წითლიძე პარტიის მოქმედ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით წერს.
როგორც ანა წითლიძე აღნიშნავს, პოლიტიკოსს წასვლა ღირსეულად უნდა შეეძლოს.
„ამ ჩემს მრავალჭირგამოვლილ, ნაბრძოლ პარტიას ბევრი რამ უნახავს, მაგრამ თანამდებობის შენარჩუნების ასეთი უბადრუკი მცდელობა ნამდვილად პირველად ვნახე.
როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, მიხეილ სააკაშვილის მოწოდება და ბრძოლა, ან პოლიტიკური საბჭოს სხდომა, ხოლო მთელი ენერგია პოლიტიკური საბჭოს სხდომის კვორუმის დათვლაზე იხარჯება, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.
სამწუხაროა. ძალიან არ მინდა უფრო მეტის თქმა და ნუ მაიძულებთ. თორემ ესეც შეგვიძლია. ღირსეულად უნდა შეგეძლოს პოლიტიკოსს წასვლაც“, - წერს ანა წითლიძე.
ცნობისათვის, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ენმ-ის ბოლო პოლიტსაბჭოს სხდომა უფლებამოსილი არ იყო.
"გარდა იმისა, რომ პოლიტიკური საბჭოს სხდომას არ ვესწრებოდი, ყრილობის ჩატარებამდე მე ვასრულებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოვალეობას. იქ არ იმყოფებოდა თავმჯდომარის არც ერთი მოადგილე. არ იმყოფებოდნენ ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონალური ლიდერები. მეტიც, რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, ჩემი ინფორმაციით და ეს ცნობები ბუნებრივია მე მომივიდა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ესწრებოდნენ პოლიტიკურ საბჭოს, გუშინდელ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე იმყოფებოდა 40-მდე ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სხდომა არ იყო უფლებამოსილი," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ "ტვ პირველის" ეთერში.