ტყის ხანძრებმა შაბათს, 1 აგვისტოს, საბერძნეთის მრავალი რაიონი, მათ შორის ათენის შემოგარენი მოიცვა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ქვეყანაში ხანძრის ჩასაქრობად ფართომასშტაბიანი ოპერაციები მიმდინარეობს და მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია ხორციელდება. პარალელურად, ვითარება კვლავ გაუარესდა ესპანეთისა და საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონშიც.
სააგენტოს ინფორმაციით, საბერძნეთის მასშტაბით, სადაც ბოლო დრომდე ხანძრების სეზონი შედარებით მშვიდად მიმდინარეობდა და ექსტრემალური სიცხის ხანგრძლივი პერიოდები ნაკლებად ფიქსირდებოდა, ახალი კერები გაჩნდა. ცეცხლის სწრაფ გავრცელებას ძლიერი შტორმული ქარი უწყობს ხელს.
ყველაზე მძიმე ვითარება ბეოტიის რეგიონში შეიქმნა, სადაც ცეცხლი ზღვისპირა დასახლებებს მიუახლოვდა. ხანძრის ჩაქრობაში 300-ზე მეტი მეხანძრე, 92 ერთეული სახანძრო ტექნიკა და ავიაციაა ჩართული.
სანაპირო აგიოს-ვასილიოსიდან 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო პორტო-გერმენოს სანაპიროდან კიდევ 12 ადამიანი გაიყვანეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ათენთან ახლოს მდებარე პორტო-გერმენოში ხანძარმა დაახლოებით 100 სახლი გაანადგურა.
საბერძნეთის ხელისუფლებამ ასევე გამოსცა საგანგებო გაფრთხილება ატიკისა და ევბეის რეგიონებისთვის, სადაც ხანძრის გაჩენის უკიდურესად მაღალი საფრთხეა.