როგორ ფუნქციონირებენ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები, როგორ გამოიყენება წყლის რესურსები ეფექტიანად და როგორ ხდება საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია — ამ საკითხებზე პორტუგალიურ გამოცდილებას „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები გაეცნენ.
ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი წყალმომხმარებელთა ასოციაციების საქმიანობისა და მათთვის საირიგაციო სისტემების მართვის გადაცემის პორტუგალიური პრაქტიკის გაცნობა იყო. მიღებული გამოცდილება საქართველოს სამელიორაციო სექტორის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შემუშავებას დაედება საფუძვლად.
პორტუგალიაში წყლის რესურსების მართვისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების მორწყვისთვის თანამედროვე, ავტომატიზებული ტექნოლოგიები გამოიყენება. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს წყალმომხმარებელთა ასოციაციები ასრულებენ. ქვეყანაში სულ 40 ასეთი გაერთიანება ფუნქციონირებს.
პორტუგალიის შესაბამის უწყებებსა და წყალმომხმარებელთა ასოციაციების ეროვნულ ფედერაციასთან გამართულ სამუშაო სესიებზე ადგილობრივმა სპეციალისტებმა ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრებზე ასევე განიხილეს ფერმერთა როლი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წყლის დროულად და სათანადო მოცულობით მიწოდებას, წყლის დეფიციტის მართვის პრაქტიკას, ინფრასტრუქტურის ეფექტიან მართვასა და წყლის დანაკარგების მინიმუმამდე შემცირებას. მონაწილეებმა ასევე განიხილეს მცირე წყალსაცავების გამოყენების შესაძლებლობები და მათი მნიშვნელობა წყლის რესურსების მართვისა და საირიგაციო სისტემების სტაბილური მუშაობისთვის.
ვიზიტის პრაქტიკული ნაწილი სამელიორაციო ინფრასტრუქტურის დათვალიერებას დაეთმო. დელეგაციის წევრები გაეცნენ სატუმბი და წყლის გამანაწილებელი ნაგებობების მუშაობას და ეწვივნენ ალკევას კაშხალს. მის მიერ შექმნილი წყალსაცავი დასავლეთ ევროპაში უდიდესი ხელოვნური წყალსაცავია.
ვიზიტმა ქართულ დელეგაციას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ფუნქციონირებისა და წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის პორტუგალიური მოდელის სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობა მისცა. დელეგაციის წევრები საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის გამოცდილებასაც გაეცნენ.