ირანი უკრაინის წინააღმდეგ ომში ფაქტობრივად უკვე მონაწილეობდა, რადგან რუსეთს დრონებს, ტექნოლოგიებსა და სხვა სახის შეიარაღებას აწვდიდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„როგორ ფიქრობთ, თუ ირანმა ომის პირველივე წლიდან რუსეთს ახალი შესაძლებლობები და ტექნოლოგიები მისცა? ეს იყო Shahed-ის ტიპის დრონები. ომის პირველ წელს მათ რუსეთს ათასობით ასეთი უპილოტო აპარატი მიაწოდეს, შემდეგ კი მათი წარმოების ლიცენზიაც გადასცეს. რა გააკეთეს ამით? თავს დაგვესხნენ? ვფიქრობ, რომ დიახ,“ - თქვა ზელენსკიმ. მან უპასუხა შეკითხვას ირანის მხრიდან უკრაინაზე შესაძლო თავდასხმისა და თეირანის მუქარების შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ ფრთხილად უნდა იმოქმედოს და არ დაუშვას ახალი ფრონტის გახსნა, თუმცა აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ რუსეთს სამხედრო მხარდაჭერას ირანი და ჩრდილოეთ კორეა უწევენ.
„ომი უკვე მიმდინარეობს - ისინი უკვე გვიტევენ. ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ახალი ფრონტი არ გაიხსნას, თუმცა გულწრფელები უნდა ვიყოთ - ირანელები და ჩრდილოეთ კორეელები უკვე დაგვესხნენ თავს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინა მზად უნდა იყოს საფრთხეების შესაძლო ზრდისთვის.
„იმედი მაქვს, ისინი ამ თავდასხმებს არ გააძლიერებენ, თუმცა მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის და გვესმოდეს, რომ ამ ხალხს ვერ ვენდობით,“ - აღნიშნა მან.
ზელენსკის განცხადებით, ირანი და ჩრდილოეთ კორეა რუსეთს სამხედრო დახმარებას უწევდნენ, მათ შორის აწვდიდნენ უპილოტო საფრენ აპარატებს, რაკეტებსა და საარტილერიო საბრძოლო მასალას.
„ყოველგვარი გაფრთხილებისა და ჩვენი მხრიდან ესკალაციის გარეშე, ირანმა რუსეთს იარაღი გადასცა. ჩრდილოეთ კორეამაც მიაწოდა იარაღი, დრონები, რაკეტები და 155-მმ-იანი საარტილერიო ჭურვები,“ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ცოტა ხნის წინ ვოლოდიმირ ზელენსკი ირანულ სავაჭრო ხომალდზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რომლის შედეგადაც, მისი თქმით, ერთი მეზღვაური დაიღუპა, და განაცხადა, რომ მსგავსი ქმედება „უპასუხოდ არ დარჩება“.