ოპოზიციის ალიანსის საქმიანობაში ისედაც არ ვიყავით ჩართული, ჩვენი იქ ყოფნა იწვევდა მუდმივ თავდასხმებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
„ამიტომ, ისევ ერთიანობისთვის, საერთო ბრძოლისთვის ჩავთავლეთ საჭიროდ, არ ვყოფილიყავით ჩართული ალიანის საქმიანობაში. როდესაც ამდენი პრობლემაა, არ მიგვაჩნდა საჭიროდ, სერიოზულად გვემსჯელა და მიგვეღო გადაწყვეტილება, ოფიციალურად დაგვეტოვებინა თუ არა ალიანსი. სხვა დროა, სხვა მოთხოვნები აქვს საზოგადოებას. ყველამ ისედაც იცოდა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში არ ვიყავით ჩართული ალიანსის საქმიანობაში, ამას არ ვმალავდით, უბრალოდ, ჩათვალეს საჭიროდ ამის ოფიციალურად გაკეთება. გაგვრიცხეს თუ თავად გავედით, როგორც გინდათ, ისე თქვით, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. თუნდაც გაგვრიცხეს, ჰო, ასე გამოვიდა, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არარელევანტურად მიმაჩნია, ახლა ბრძოლაა და უნდა ვიყოთ ორიენტირებული საკონსტიტუციო სასამართლოზე, 28 ნოემბრის აქციაზე და სხვა ამბებზე“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ მისი პარტია ოპოზიციის ალიანსიდან გარიცხეს.