ირანის მუქარა გაუმართლებელი და უსაფუძვლოა, თეირანის რეჟიმი კი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი თანამონაწილეა - ის მოსკოვის დანაშაულებრივ ომს იარაღით ამარაგებს, რომლითაც უკრაინელებს 2022 წლიდან კლავენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა.
„ირანს არ აქვს უფლება, თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს, მით უმეტეს, გაამართლოს საკუთარი მუქარები გაერო-ს წესდებაზე აბსურდული მითითებებით. საკუთარი განცხადებებით ირანი ასევე ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს რუსეთის მიერ შავ ზღვაში სამოქალაქო ნაოსნობის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას. თუმცა, ეს მცდელობები წარმატებული არ იქნება,“ - ნათქვამია სიბიჰას განცხადებაში, რომელ;იც X-ზე გამოქვეყნდა.
მისი თქმით, რუსეთის თავდასხმები ნაოსნობის თავისუფლებაზე დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მთავარი განხილვის თემა იქნება და უკრაინა საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაფიო რეაქციას ელოდება.
მანამდე ირანმა უკრაინა კასპიის ზღვაში სავაჭრო გემზე თავდასხმაში და „ომის მასშტაბების გაფართოების მცდელობაში“ დაადანაშაულა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა დაიცავს საკუთარ გემებს უკრაინული დრონებისგან და აღნიშნა, რომ „არასოდეს ჩარეულა რუსეთსა და უკრაინას შორის ომში“.
უწყების განცხადებით, ირანმა მიმართა გაერო-სა და საერთაშორისო საზოგადოებას, შესაბამისი რეაგირებისათვის.
როგორც ცნობილია, 19 ივლისს რუსეთის არმიის თავდასხმის შედეგად, ოდესის მახლობლად, გვინეა-ბისაუს დროშის ქვეშ მცურავ სავაჭრო გემზე 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის სახელმწიფო საწარმოს ლოცმანი.
უკრაინამ რუსეთის მიერ შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლებაზე განხორციელებული თავდასხმების გამო გაერო-ს უშიშროების საბჭოს 27 ივლისს საგანგებო სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართა.