"დიდი ოცეულის" სამიტზე მექსიკაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი საპასუხო ზომებს მიმართავს იმ შემთხვევაში თუ აშშ-ს კონგრესი სერგეი მაგნიტსკის საქმით ისარგებლებს, რუსეთის მოქალაქეებს აშშ-ში ჩასვლას შეზღუდავს და მათ ადამიანის უფელებების დარღვევაში დაადანაშაულებს.
აღნიშნული სანქციების შესახებ, არაერთგზის უსაუბრია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც, თუმცა მოსკოვის პოზიცია სახელმწიფოს მეთაურისგან პირველად გაჟღერდა. "დიდი ოცეულის" სამიტი იყო პირველი საერთაშორისო ფორუმი მას შემდეგ რაც ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის რანგში კრემლში დაბრუნდა.
"თუ იქნება რაღაც შეზღუდვები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებთან იქნება დაკავშირებული ეს იმას ნიშნავს, რომ იქნება შესაბამისი შეზღუდვები აშშ-ს მოქალაქეებისთვისაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლისას", _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც კონგრესში სენატორმა ბენჟამინ კარდინმა შეიტანა რუსეთის ათობით მაღალჩინოსნისათვის აშშ-ში შესვლის აკრძალვასა და მათი აქტივების გაყინვას გულისხმობს. იმავდროულად, ეს ის მაღალჩინოსნები არიან, რომლებსაც ესა თუ ის კავშირი ჰქონდათ ფონფ "Hermitage Capital"-ის იურისტის გარდაცვალებასთან, რომელიც რუსეთის უწყებებში მასშტაბური კორუფციის არსებობის შესახებ განცხადებებს აკეთებდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიება საკმაოდ საგრძნობი დარტყმა იქნებოდა რუს ჩინოვნიკებზე, ვინაიდან მრავალ მათგანს აქვთ ანგარიშები საზღვარგარეთ, ასევე ქონება ხოლო მათი შვილები დასავლეთში იღებენ განათლებას.
პრესკონციაზე სადაც ვლადიმერ პუტინმა ეს განცხადება გააკეთა მან 37 წლის მაგნიტსკის გარდაცვალებას მოსკოვის ერთ ერთ იზოლატორში "ტრაგედია" უწოდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ რუსეთი სულაც არ მიიჩნევს, რომ ამ საქმეს იმ დონის ყურადღება სჭირდება, როგორსაც მას აშშ -ს კონგრესი უთმობს.
"არ ვიცი ვის და აში სჭირდება ეს, თუმცა თუკი ვინმე ამას გააკეთებს, გააკეთოს. ეს ჩვენი არჩევანი არ არის", _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ამ კანონის შესაძლო მიღების კომენტირებისას.
აღსანიშნავია, რომ სამიტამდე ვლადიმერ პუტინი აშშ-ს პრეზიდენტს შეხვდა და მას ამ თემაზე საუბრის საშუალება ჰქონდა, თუმცა ობამასთან შეხვედრის შემდეგ ორივე პრეზიდენტმა ამ თემას გვერდი მდუმარებით აუარა და პასუხის გაცემის ნაცვლად აშშ-სა და რუსეთს შორის ბოლო დროს მიღწეული წარმატებები ჩამოთვალეს.
ამავდრულად აშშ-სა და რუსეთის ურთოიერთობები ევროპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის საკითხშიც ჩიხში იმყოფება.
ვლადიმერ პუტინმა სამიტზე განაცხადა, რომ ნაკლებსავარაუდოა, რომ ევროპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის პრობლემა უახლოეს მომავალში გადაწყდეს და ეს არ არის დამოკიდებული იმაზე გახდება თუ არა ობამა აშშ-ს პრეზიდენტი მეორედ.
სამიტზე ასევე გამოჩნდა პრინციპული განსხვავებები აშშ-სა და რუსეთისა სირიის საკითხთან მიმართებაში. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საკითხი ბაშარ ასადის წასვლა-არწასვლის შესახებ სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.
ამ საკითხთან მიმართებაში კი აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ კვალავაც დარწმუნებულია, რომ სირიის პრეზიდენტმა ლეგიტიმურობა დაკარგა და ის უნდა წავიდეს. ბარაკ ობამამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩინეთს ჯერ ჯერობით არც ერთ გეგმაზე არ მოუწერიათ ხელი , რომელიც ბაშარ ასადის წასვლას ითვალისწინებს. ბარაკ ობამამ ასევე აღიარა, რომ მან ვერ შეძლო, ვერც რუსეთისა და ვერც ჩინეთის ლიდერების დარწმუნება იმაში, რომ მათ სირიის საკითხთან მიმართებაში თავიანთი პოზიცია შეიცვალონ.