ქუთაისში 26 იანვარს გამართული აქციის მონაწილეებს, რომლებიც დაპატიმრებულ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს უცხადებდნენ სოლიდარობას, შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. მათ 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრებათ.
26 იანვარს ქუთაისში დაახლოებით 30 წუთიანი აქცია გაიმართა მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან, რომელმაც არ განიხილა მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი უკანონო პატიმრობის შესახებ.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი აღნიშნული საპროტესტო აქციის 9 მონაწილეს შეუდგინა, მათ შორის, ჟურნალისტებს - გელა მთივლიშვილს, ხვიჩა ვაშაყმაძესა და ეკა კუხალაშვილს, მუსიკოს ნინო ქათამაძეს, მასწავლებელ ვლადიმერ აფხაზავას, ფსიქოლოგებს - ქეთევან ფილაურსა და მაია ცირამუა, აქტივისტ ირინა ზარანდიასა და ლანჩხუთის საკრებულოს წევრ გივი ცინცაძეს.
არსებული ცნობებით, აღნიშნულ პირებს ოქმი შეუდგინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით, რაც 15 დღემდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო რეჟიმის მიერ მიღებული ცვლილებებით, 60 დღემდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან 5000 ლარის ოდენობის ჯარიმას.
სასამართლო სხდომა 10 თებერვლის 12 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, ხოლო საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს.
ფოტო: რადიო თავისუფლება