უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ემზადება არა მოლაპარაკებისთვის, არამედ ომის გაგრძელებისთვის და არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. ზელენსკის თქმით, რუსები თავიანთ არმიას 100 ათასზე მეტი ჯარისკაცით ზრდიან.
ზელენსკის ცნობით, 8 თებერვალს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ახალი ხელმძღვანელი ჯუზეპე კავო დრაგონე უკრაინაში იმყოფება და ეს მისი პირველი ვიზიტია უკრაინაში.
ზელენსკის განცხადებით, დრაგონესთან შეხვედრისას განიხილეს „რამშტეინისთვის“ მზადება.
„ახლა ჩვენ ვიცით - ჩვენი დაზვერვა გვაუწყებს - რომ რუსები ქმნიან ახალ დივიზიებს, ავითარებენ ახალ სამხედრო წარმოებას. ნათელია, რომ მათი თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეასთან გაგრძელდება.
სამწუხაროდ, მოსკოვი ამ რეგიონში ავრცელებს ომის თანამედროვე ტექნოლოგიებს, კერძოდ უპილოტო ტექნოლოგიებს. და ეს ნიშნავს მარტივ რამეს: პუტინი არ ემზადება მოლაპარაკებისთვის, არა მშვიდობისთვის, არამედ ომის გასაგრძელებლად და არა მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ, უკრაინის წინააღმდეგ. ისინი ახლა თავიანთ არმიას 100 ათასზე მეტი ჯარისკაცით ზრდიან. ყველა პარტნიორმა უნდა იცოდეს ამის შესახებ და უნდა ნახოს. ჩვენ მზად ვართ მივაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია და შესაბამისი კომუნიკაცია უკვე მიმდინარეობს დაზვერვის სამსახურების მეშვეობით“, - განაცხადა ზელენსკიმ.