ოფიციალური თბილისი მზადაა საჭიროების შემთხვევაში რუსეთს ჩარტერული რეისების განსახორციელებლად დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
"თუ რუსეთს ესაჭიროება დამატებითი ინფორმაცია ჩარტერული რეისების განსახორციელებლად, საქართველო მზადაა მას მიაწოდოს ასეთი ინფორმაცია დადგენილი წესის მიხედვით, შვეიცარიის მხარის მეშვეობით", - ნათქვამია განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისს არასდროს შეუქმნია ბარიერები ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლისთვის.
"რუსეთის მხარემ ცალმხრივი გადაწყვეტილებით შეწყვიტა ორ ქვეყანას შორის საავიაციო კავშირები... 2009 წლის 4 მარტს ნოტების გაცვლის გზით კი გაფორმდა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესთა სექციისა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის გახსნა. ამ დროიდან მოყოლებული ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებს შორის წარმოებს შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც რუსეთის მხარის ოფიციალური სტრუქტურები აგზავნიან დადგენილი წესის დარღვევით, კერძოდ შუამავლის - შვეიცარიის მხარის გვერდის ავლით ვერ ჩაითვლება ოფიციალურ დოკუმენტად. ინფორმაცია კი, საქართველოსა და რუსეთს შორის ჩარტერული რეისების შესაძლო განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის ცნობილი გახდა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებებიდან", - აღნიშნულია განცხადებაში.