თბილისში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.
საპროტესტო აქციის მონაწილეები, ასევე მოითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საეთერო დროის დათმობას.
"ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს საზოგადოებრივ მაუწყებელთან, დაუთმონ ეთერი მზია ამაღლობელის ადვოკატს. ჩვენ გვქონდა მცდელობა კომუნიკაციის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან, სამწუხაროდ, ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. ამიტომ აქედან მივმართავ კიდევ - ჩვენ კოლეგები ვითხოვთ, ჩვენი დაკავებული კოლეგის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად ეთერს სტუდიაში სასაუბროდ, სირცხვილია ამის თხოვნა რომ გვიწევს აქციის ფორმით. ამას ისინი ისედაც უნდა აკეთებდნენ", - ამბობს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.
"ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. პირველად იგი დააკავეს სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა დაკავებიდან მალევე ხელახლა დააკავეს.
2025 წლის 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მზია ამაღლობელის საქმეზე პირველი წარდგენის სხდომა. მზია ამაღლობელს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე წარუდგინა და ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.
მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი სახის - პატიმრობის გამოყენების შესახებ და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. საქმეზე შემდგომი სხდომა 4 მარტს ჩაინიშნა.
ფოტო: რადიო თავისუფლება